18:00 საათისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი
დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა. პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით პარლამენტმა მიმართა. დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს განიხილავენ, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება.
“კანონი ითვალისწინებს, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, საკომიტეტო მოსმენას ამ საკითხზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ საკითხი განიხილოს, თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და აგრეთვე, მე თქვენი თანხმობით უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დღეს, 18:00 საათზე მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ ერთი საკითხით. სხდომა ჩატარდება ქუთაისში. აქაც მინდა განვმარტო, კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომის გამართვას სხვა ადგილზე, გარდა პარლამენტის კონსტიტუციური ადგილსამყოფელისა, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ვიმყოფებდით. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, რომელსაც თავისი რეჟიმი აქვს, მათ შორის, პარლამენტისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.