“ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობა თბილისის მერიის არცერთ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული არ ყოფილა“

„გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს ღერძთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მერიის არცერთ სტრუქტურასთან შეთანხმებული არ ყოფილა“, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
სამუშიას განმარტებით, გზის სტატუსი არათუ მერიის უწყებებთან, არამედ ეკონომიკის სამინისტროსთანაც კი საჭიროებდა შეთანხმებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივებულიყო პროცედურა, დოკუმენტაცია გატარდა, როგორც გზის რეკონსტრუირება, რომელიც ნებართვებს არ ითვალისწინებს. დოკუმენტებში არარსებული გზის რეკონსტრუირება იყო აღნიშნული.
„შენდებოდა ახალი მაგისტრალი, რომელსაც გმირთა მოედანი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ღერძთან უნდა დაეკავშირებინა. ამ ახალი გზის მშენებლობა დოკუმენტებში არ არის მითითებული და გზის მშენებლობის ნაცვლად წერია გზის რეკონსტრუქცია, რადგან თავის დროზე აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის არცერთ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული არ იყო. არც არქიტექტურის, არც ტრანსპორტის სამსახურთან და არც ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ვინაიდან ვერეს ხეობა იყო რეკრეაციული ზონა, უნდა შეეცვალა სტატუსი და იქ გზის მშენებლობის უფლება მას უნდა მიეცა. აღნიშნული საკითხი ზონალურ საბჭოზე განხილულიც არ ყოფილა. ეს არის მეხუთე კატეგორიის გზა. გამომდინარე თავისი მნიშვნელობიდან, ეს პროექტი ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივებულიყო სიტუაცია, ეს დოკუმენტაცია გატარდა, როგორც გზის რეკონსტრუირება, რომელიც ნებართვებს არ ითვალისწინებს, დოკუმენტებში არარსებული გზის რეკონსტრუირება იყო აღნიშნული. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც სამი პროექტი იყო წარდგენილი, ამ სამი პროექტიდან 2 დაწუნებული იქნა, ამ ორივე პროექტის დოკუმენტაცია რომ ნახოთ, ორივე მათგანი გზის ხიმინჯებით გაყვანას ითვალისწინებდა. ის ერთი პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ამას, სწორედ ის დატოვეს და იმის მიხედვით მოხდა მშენებლობა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები