სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილს ეკლესიებში გადაასვენებენ
სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების პანაშვიდი ეკლესიებში გაიმართება და მათ ეკლესიებიდან გამოასვენებენ. მათი ნაწილი, ვისაც სახლები დაენგრა, ექსპერტიზიდან პირდაპირ ეკლესიაში გადაასვენეს. აღნიშნულის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს წევრმა, ვაკის რაიონის დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა ისაუბრა.
„გარდაცვლილთა ახობლებმა, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ მიცვალებული ეკლესიაში დასვენებულიყო, უკვე გადასვენებულები არიან. პანაშვიდებიც ეკლესიაში გაიმართება და მათი გამოსვენებაც ეკლესიიდან მოხდება. ყველა ხარჯი და პროცედურა სასაფლაოს ჩათვლით ვაკის რაიონის გამგეობამ საკუთარ თავზე აიღო. სვანიძის ქუჩაზე გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთს ეძებენ“, – აღნიშნა მუსხელიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში უსახლკაროდ დარჩენილია 200 ადამიანი. მათი ნაწილი სასტუმროებში განაწილდა, ნაწილი კი ქირით გაიყვანეს. როგორც სტუმარმა აღნიშნა, დაზარალებულები სასტუმროებში ხანგრძლივად ვერ იცხოვრებენ, შესაბამისად, განისაზღვრება, მათი გრძელვადიანი განსახლებისთვის რა ხარჯებია საჭირო.