რა მდგომარეობაა ზოოპარკში, სად არიან ცხოველები და რა ხდება საავადმყოფოებში – ბოლო მონაცემები
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ადამიანებიდან მხოლოდ ერთი მოქალაქე იმყოფება რეამინაციულ განყოფილებაში.
როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს წარმომადგენელმა განცხადა, 20 მოქალაქე ამ დრომდე იძებნება. გარდა მოქალაქისა, იძებნება ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეული მგელიც. რთული ვითარებაა ამ დრომდე თბილისის ზოოპარკში.
„ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში 37 ადამიანი იყო გადაყვანილი, აქედან 5 მძიმე დაზიანებით იმყოფებოდა, ერთი ადამიანი მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. წყალი არა მხოლოდ ვერეს ტერიტორიაზე, არამედ მდინარე დიღმურას ტერიტორიაზეც ადიდდა. მართალია მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მანაც მნიშვნელოვნად დააზარალა ის მაცხოვრებლები, რომლებიც მდინარის სიახლოვეს ცხოვრობენ. რთული ვითარება რჩება ზოოპარკში, ბოლომდე არ არის დათვლილი და აღნუსხული ცხოველების რაოდენობა, რომლებიც დაღუპულები არიან, ან დაკარგულებად ითვლებიან, ვინაიდან ყველაზე დიდი რაოდენობის ნაშალი მიწა სწორედ ზოოპარკის ტერიტორიაზეა. გადარჩნენ ჩლიქოსნები, გადარჩენილია ბეჰემოტი და სპილოსთან არის შესახლებული. ამ დროისთვის ქალაქში ერთ მგელს ეძებენ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეები ზოოპარკის ცხოველებს ქალაქში შენიშნავენ, ვთხოვთ მათ, რომ 112-ს დაუკავშირდნენ“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.