„მიჭირს ნამუშევრების შეფასება, შვილს ხომ ვერ შეაფასებ…“
„სკოლასთან ერთად, პარალელურად დავამთავრე საბავშვო სამხატვრო სკოლა. ექვსი წელი ვისწავლე გრაფიკის ჯგუფში, სადაც ჩემი პედაგოგი ნოდარ მუმლაძე იყო, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მინდა, მადლობა ვუთხრა მას იმ წლებისთვის…“ – არქიტექტორი, მხატვარი ხათუნა ქომეთიანი.
– დაამთავრეთ არქიტექტურის ფაკულტეტი…
– დიახ, მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ მაშინ სხვა პირობები იყო და წლებს ვერ დავკარგავდი. რადგან კარგად ვხაზავდი, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით ძეგლთა დაცვაში, საპროექტოებში, მაგრამ მერე ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და თავი დავანებე. ვმუშაობდი კერძო შეკვეთებზე. სიმართლე გითხრათ, არც დრო მქონდა, არც შთაგონება და აღარ ვხატავდი.
ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გარკვეული პერიოდი სულ სახლში ვიყავი. გარეთ გასვლა არ იყო რეკომენდირებული. მოგეხსენებათ, შინ ყოფნა ძალიან რთულია და ამ დროის განმავლობაში დაგროვდა ემოციები, შეგრძნებები და ერთიანად ამოტივტივდა. ნელ-ნელა ავიღე ფუნჯი ხელში. სიმართლე გითხრათ, ზეთის საღებავით ხატვის გამოცდილება არ მქონდა. ექსპერიმენტის სახით, აღმოჩენებით მივედი აქამდე. მე მომწონს და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ.
– თემატიკა…
– თემატიკა ჭრელია, ემოციის დონეზეა, დავჯდები და ვხატავ იმას, რასაც იმ წუთში განვიცდი. ეს ჩემს ნახატებსაც ეტყობა. ზოგი საყვარელი ადამიანების პორტრეტებია, ზოგი ის შეგრძნებები, რაც გარედან მოდის, ზოგი პირიქით, შიგნიდან ამოდის და ა.შ. ხანდახან, როცა ვჯდები, თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. თვითონ მიდის ნელ-ნელა, აგურ-აგურ ეწყობა, და ბოლოს, გამოდის ისეთი რამ, საერთოდ რომ არ ველოდი. ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არა, მაგრამ ხელს არ ვკიდებ, ვტოვებ ისეთს, როგორიც გამოვიდა. იმიტომ, რომ მე იმ წუთში იმით ვცხოვრობდი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. არსებობს მომენტები, როცა ნახატს არა მარტო ვღებავ, თავიდან ვიწყებ, ტილოს ვაძრობ. ესეც ალბათ, შიგნიდან მოდის. მაგრამ მსიამოვნებს ჩემი ნამუშევრების არსებობა. ეს არც თვითკმაყოფილებაა, არც ამბიცია, უბრალოდ, შვილებივით არიან. ამიტომ, ნამუშევრების გაყიდვაზე რომ მელაპარაკებიან, არ მსიამოვნებს, მიჭირს მათი შეფასება, შვილს ხომ ვერ შეაფასებ. მიყვარს თიოთოეული მათგანი. მართალია, მხატვარმა უნდა გაყიდოს საკუთარი ნამუშევრები, მაგრამ მე ალბათ, ვერ მივედი იმ სიმაღლემდე, რომ გავყიდო.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვთ საკუთარ შემოქმედებაში?
– რა თქმა უნდა, არის ნამუშევრები, რომლებსაც ვერასდროს შეველევი. მაგალითად, „ბუ“, „შინისაკენ“, „ქუდი“, „პრემიერა“, „დედის პორტრეტი“. ისინი ჩემს სულთან ახლოს არიან. მათი შექმნის პროცესში რაღაც დიდ ემოციას ან გრძნობას განვიცდიდი, რაც ბოლომდე ან გადმოვიდა, ან ვერ გადმოვიდა.
– თემატიკასთან ერთად, ფერები ჭრელია…
– დიახ, ჭრელია, მაგრამ ვხატავ ისე, როგორც ვგრძნობ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, როგორც მომწონს. რამდენიმე პროფესიონალმა მხატვარმა მითხრა, ნუ გეშინია, ყველაფერი თავის ადგილზეა, არის გიჟი ნახატები, არის ნახატები, რომელთა ფერებიც არაფერში არ ჯდება, მაგრამ ეს შენი დამახასიათებელი ინდივიდუალურობააო. შეიძლება, ასეც არის, არ ვიცი.
– გარემო…
– სახელოსნო არ მაქვს, პატარა ოთახში ვხატავ, რომელიც მერე უნდა მივალაგო, რაც არ მსიამოვნებს. გარემოს მიქმნის მეუღლე, ინჟინერ-მშენებელი, რომელმაც ბევრი არაფერი იცის, მაგრამ გრძნობს, იცის, რა სჭირდება მხატვარს. ჩემი გარემო მეგობრებია, სიყვარული, გარემო არის, როგორი შთაბეჭდილებით შევდივარ სახლში. სამწუხაროდ, ასთმა არ მაძლევს იმის საშუალებას, გარეთ ხშირად ვიმოძრაო, ამიტომ, ფაქტობრივად ჩაკეტილი ვარ. გარემოს მე თვითონ ვიქმნი. ვემზადები ფსიქოლოგიურად, მეგობრებთან საუბარი, წიგნების კთხვა, რაღაც სხვა სამყაროში მაგდებს, და ბოლოს, ვხვდები, რაც მინდა. როგორ გამოდის, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი მიწყობს ხელს. ხშირად ვერ ვხატავ, შეიძლება ერთი თვე გავიდეს და ვერაფერი დავხატო. ორი წელია ხელი მოვკიდე ზეთის საღებავს და მხოლოდ 40-მდე ნამუშევარი მაქვს. დიდი ტილოების შექმნაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ალბათ, ოდესმე ამის სივრცეს შევიქმნი.
– მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა...
– გამოფენის მოწყობა მეგობრებმა მაიძულეს. ჩემს მეგობარს – მაია ცეცხლაძეს ჰქონდა ამ თეატრში გამოფენა და მეც მირჩია. მართლა, ძალიან კარგი გარემოა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, თეატრის ადმინისტრაციას და პიარმენეჯერს. გარკვეული შიში მქონდა, რადგან ჩემი ნახატები, მეგობრების გარდა, არავის ჰქონდა ნანახი. თუმცა გამოფენა ერთგვარი სტიმულია ნებისმიერი მხატვრისთვის. როცა იცი, რომ საზოგადოებას უნდა აჩვენო შენი შემოქმედება, სხვა პასუხისმგებლობას გრძნობ და სხვანაირი მონდომებით მუშაობ.
ამ გამოფენაზე ჩემი 41 ნამუშევარია წარმოდგენილი. ზეთის საღებავებით შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, ფანქარში შესრულებული ოთხი ილუსტრაციაა, რომელიც 80-იან წლებში გავაკეთე. სამხატვრო სკოლა რომ დავამთავრე, „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრაცია გავაკეთე ფანქარში, რომელიც სამხატვრო სკოლაში დარჩა და შემდეგ სახლში აღვადგინე. სახლში მაქვს ძველი ნამუშევრებიც ფანქარში და აკვარელში შესრულებული, მაგრამ, მოგეხსენებათ, ისინი დროს ვერ უძლებენ და გახუნდნენ. მათ ხომ მოვლა სჭირდებათ. ამიტომ, მათი გამოფენა არ ჩავთვალე საჭიროდ. ამ ილუსტრაციებმა შეინარჩუნეს სახე და გადავწყვიტე გამომეფინა. ვთვლი, რომ ძველი ნამუშევრები გაცილებით უფრო პროფესიონალურია, თუმცა ეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევრები უფრო მეტად მიყვარს. სხვა პერიოდის ნამუშევრებია, სხვა ასაკის, რომელსაც კიდევ სხვა ხიბლი აქვს.
– იყო პერიოდი, როცა ხელნაკეთ თოჯინებს აკეთებდით…
– დიახ, თოჯინებს ვკერავდი და გერმანიაში იგზავნებოდა. იმ დროს შემოქმედება დიდი ფუფუნება იყო. ახლა აღარ ვმუშაობ, მივხვდი, რომ, ცუდია თუ კარგია, უნდა ვხატო. შხამიანია ზეთის საღებავი, მაგრამ სხვა აღარაფერი არ მინდა. სანამ ვიცოცხლებ, ასე მინდა. მხატვრები ჯიუტები ვართ და ამოჩემება ვიცით.
მზევინარ ხუციშვილი