პატიმარი: ონიანმა მაწამა, წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტი თამარ ბაშარაძე, რომელსაც მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 18 წელი აქვს მისჯილი, ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის გოგა ონიანს უპირისპირდება. როგორც ბაშარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილი მას 2003 წელს ახლანდელმა მაღალჩინოსანმა პარლამენტარმა გააცნო. რის შემდეგაც ის ჯერ მცხეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი სახელმწიფო კანცელარიაში გადაიყვანეს. ბაშარაძე იხსენებს, რომ 2007 წელს დაიწყეს თანამშრომლების მასობრივად დაკავება.
„ვხვდებოდი, რომ ყველაფერი აბსურდამდე მიდიოდა. აქაურობას გავეცალე და საზღვარგარეთ წავედი, 8 თვის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი – ფეხმძმედ ვიყავი და გადავწყვიტე, შვილი აქ გამეჩინა, მერე კი ისევ წავსულიყავი ქვეყნიდან. 6 თვის ბავშვი მყავდა, რომ ამითვალწუნეს და დამაკავეს. ორი ოპოზიციონერი უნდა მემხილებინა. გვარებს ვერ დაგისახელებთ, რადგან მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მალე ყველაფერს მოგიყვებით თუნდაც გოგა ონიანზე. მას წინ კიდევ 4 საქმე აქვს. ონიანმა მაწამა, წიხლი ჩამარტყა მუცელში, ხელზე ნაიარევი ახლაც მეტყობა – ჩემს ჩანთაში საეკლესიო სანთელი იპოვა, აანთო და მარჯვენა ხელი დამიწვა… მე ვარ ის ქალი, რომელსაც 6 თვის ჩვილი ძუძუდან მოგლიჯეს და ციხეში უკრეს თავი. არადა, ონიანი ძალიან კარგად მიცნობდა, მაშინ ის მთავარ სამმართველოში მკვლელობების განყოფილების უფროსი იყო. გამომძიებლის ოთახში რომ შემოვიდა, ჯერ ჩემი შვილი მოიკითხა და მერე მითხრა, – გახსოვს ტრენინგებზე რა გვასწავლესო და „ნაციონალების“ მესიჯი გამახსენა: კაცს დანაშაული უნდა დააბრალო და როცა თავის მართლებას დაიწყებს, მაშინ არის მიზანი მიღწეულიო…. რაც არ ჩამიდენია, არასდროს ვიტყვი- მეთქი. გამხეცდა და ზემოთ უკვე გიამბეთ, რაც დამმართა. ვფიქრობ, უფალმა იმიტომ დამსაჯა, რომ „ნაციონალების“ გვერდით ვიდექი. ალბათ, როგორ ვეზიზღებოდი ხალხს, როცა „შევდიოდი „ნაციონალების“ ოფისში… ჩემდა უნებურად, ვაუბედურებდი ადამიანებს, როცა არჩევნებს ვაყალბებდი“, – აცხადებს თამარ ბაშარაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტის თქმით, ბრალის აღიარების მიზნით, მისი ქმარიც სასტიკად აწამეს.
„ჩემი ქმარი დათო ლორია ისე აწამეს, „ბრალი“ აღიარებინეს, ამიტომ მას ჩემზე ნაკლები – 13 წელი აქვს მისჯილი. არადა იმ კაცის მკვლელობის დროს თბილისშიც კი არ ყოფილა. ისეთი ნაცემი იყო, იძახდა – კი, ბატონო, მე ჩავიდინეო. არ იცით, რა გამოვიარეთ – 5 წელზე მეტია, რაც სასჯელს ვიხდი. ადრე კოლონია ფულის საკეთებელი ადგილი იყო. პატიმრების ნაწილი ფულს აპროცენტებდა და ადმინისტრაცია აშკარად ეხმარებოდა მათ. ქალთა კოლონიაში იყვნენ ფავორიტები, რომლებიც მართავდნენ ციხეს“, – აცხადებს ბაშარაძე.