მერის არჩევნების გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა
პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. საკრებულოს სარეზერვო კომისიის თავმჯდომარის, ყოფილი “ნაციონალის” მიშა ქავთარაძის თქმით, ვაშაძე – საყვარელიძის დაჯგუფება უგულავა-ბოკერია-თარგამაძის დაჯგუფების სერიოზული კონკურენტია.
“უგულავას პარტიული აქტივი უკვე აღარ გააჩნია. ის თავის დელეგატებს დავალებებს აძლევს, რომ პრაიმერისში ჩაძირონ ვაშაძე, იქ მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება. ვაშაძე -საყვარელიძის დაჯგუფება არის უგულავა-ბოკერია-თარგამაძის დაჯგუფების სერიოზული კონკურენტი. ნაციონალებს სურთ, რომ საბოლოოდ მოსპონ გიორგი ვაშაძის ამბიციები და მერობის კანდიდატად დააყენონ ნიკა მელია”, – ამბობს მიშა ქავთარაძე.
დაპირისპირების არსებობას არ უარყოფენ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერისში მონაწილე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელიაც. ვაშაძის თქმით, პიროვნული დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” არ არის, თუმცა მენტალური დაპირისპირება არსებობს. პრაიმერისის მეორე მონაწილე ნიკა მელია კი ამბობს, რომ თანაპარტიელების ერთი ნაწილისგან უფრო მეტ სიმპათიას გრძნობს, ვიდრე მეორე ნაწილისგან.