„ვთვლი, რომ არანაირი ნიჭი არ იკარგება…“
„ოჯახის გადაწყვეტილებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე. მაგრამ არასდროს არ მიმუშავია ამ სპეციალობით. უბრალოდ, არ მინდოდა და არ მომწონდა. მერე, ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ჩემი ხელშეწყობა და გვერდში დგომა ძალიან სჭირდებოდა. მყავს ერთადერთი ბიჭი, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ხატვაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რადგან მთლიანად, ოჯახით ვიყავი დაკავებული…“ – მხატვარი რუსუდან ზვიადაძე.
– ხატავთ ბავშვობიდან…
– დიახ, მამა პარტიული მუშაკი, რაიკომის მდივანი იყო და ძალიან კარგად ხატავდა. თუმცა ხატვისთვის დრო არასდროს არ ჰქონდა. მაგრამ, როცა უკვე გულის პრობლემები შეექმნა, პენსიაზე გავიდა და ხშირად იყო ჩემთან სახლში, ერთად ვატარებდით დროს და ხატვა მასწავლა. მაშინ დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გზა და ხატვით ჩემი სამყაროს გადმოცემა.
აკვარელში, გუაშში და ფანქარში ვხატავდი პორტრეტებს და პეიზაჟებს. მამასთან უამრავი სტუმარი მოდიოდა, მე კი ვიჯექი და მათ ვხატავდი. სკოლაში მქონდა წარმატებები, ხშირად იფინებოდა ჩემი ნამუშევრები და კონკურსებშიც ვიმარჯვებდი. ხატვისთვის თავი არასდროს დამინებებია, ჩემთვის სულ ვხატავდი. რაღაც კავშირი მუდმივად მქონდა, მაგრამ ზეთის საღებავით მუშაობა, რამდენიმე თვის წინ დავიწყე და სასწაული შემაძლებინა, რასაც არ ველოდი.
– აპრილში პარიზში გქონდათ გამოფენა…
– დიახ, საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავი მიწვეული სამხატვრო აკადემიის პროფესორთან ლელა ტაბლიაშვილთან, ლელა გელეიშვილთან და ანა ჩუბინიძესთან ერთად. ძალიან დიდი ემოციებით და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. პარიზად გამომყვა მუზაც, რომელიც ძალიან ბევრი ნახატის საფუძველი გახდა. მაგალითად, პორტრეტების, რომლებზეც პარიზში მომსახურე პერსონალი, ფერადკანიანი მანდილოსნები არიან, რომელთა სილამაზემ ძალიან მომხიბლა.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიმშვიდე მჭირდება. ასეთი თვისება მაქვს, ვერ ვშორდები ნახატს, სანამ არ დავამთავრებ, თუნდაც კომპოზიციურად მაინც, 8-9 საათი ვატარებ ტილოსთან. ოჯახთან ერთად ძალიან ბევრი ვიმოგზაურე, სახლში ფაქტობრივად არ ვყოფილვარ და ახლა შემექმნა პირობები, რომ აქტიურად ვხატო. გარდა ამისა, ჩემი შვილი ევროპაში სასწავლებლად გავუშვი. არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა ემოცია და მონატრება. ფაქტობრივად, მონატრებამ და მოგზაურობის დროს დაგროვილმა შთაბეჭდილებებმა აქტიური მუშაობისკენ დამაბრუნა.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში…
– მე ჩემი ფერები მაქვს. შეიძლება რეპროდუქცია ავიღო, მაგრამ აუცილებლად ჩემი ფერებით დავხატავ. არავის არ ვბაძავ, ჩემი გემოვნებით ვიღებ ფერებს. ეს განწყობაზეა დამოკიდებული. თითოეული ნახატი ჩემი სულის ნაწილია, ყველა მათგანში რაღაც განწყობაა ასახული. თითოეული ნახატით მიხვდებით, იმ დღეს რა ხასიათზე ვიყავი.
– ადამიანები თქვენს ცხოვრებაში…
– ისინი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მამაკაცები არიან. მამა, რომელიც ძალიან მიყვარდა და, სამწუხაროდ, 10 წლის ვიყავი, უკვე ჩემთან აღარ იყო. მისი გარდაცვალება დიდი ტკივილი იყო და დღემდე ვერ ვლაპარაკობ გულგრილად. მერე მოვიდა დიდი სიყვარული, ჩემი მეუღლის და შვილის სახით. მათთვის ვცხოვრობ, ვხატავ და ვაკეთებ ყველაფერს. მათგან მოდის ინსპირაცია და მთელი ჩემი წარმატება. მათი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვითვალისწინებ. გვერდში მიდგანან, ხელს მიწყობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე სულიერი სიმშვიდე მქონდეს.
– არტ გალერეა „აჰუნდოვ ჰაუსში“ თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება…
– მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ გამოფენა გამეკეთებინა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ჩემი დაბადების დღეზე რამდნეიმე ნამუშევარი ფეისბუქზე ავტვირთე. ძალიან მალე, „სოკარის“ ჯგუფის წარმომადგენლი ნინო დიასამიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევრები და შემომთავაზა გამოფენის მოწყობა. რა თქმა უნდა, წინადადება მივიღე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შექმნილი 37 ნამუშევარი. მათ შორის: პორტრეტები, პეიზაჟები და რამდენიმე ნატურმორტიც. მინდა მნახველამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. მინდა ყველას გავუზიარო ის სიხარული და პოზიტიური ენერგია, რაც ჩემი ნამუშევრებიდან მოდის. ეს გამოფენა ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იქნება, რომ გავაგრძელო მუშაობა. ხელოვანი ადამიანისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დაფასება, საზოგადოების სითბო და სიყვარულია.
მზევინარ ხუციშვილი