დღეს თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიხსნება

დღეს, 20:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანის“ გახსნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრებიან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2-6 ივნისს თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ ჩატარდება. 2015 წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა – მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.

2015 წლის „ამირანის“ ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. პეტერ სლანსკი – მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი – კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი- სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი – კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი. ჟიურის წევრები საკონკურსო პროგრამიდან გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და საოპერატორო ნამუშევარი. ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიოს კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები.

1-2 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ხოლო 7 ივნისამდე სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს სხვა პროფესიონალებს შეხვდებიან. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ოთხდღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია და ფესტივალის გახსნისა და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიები. ყველა ღონისძიება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. დასწრება თავისუფალია.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში. 2007 წელს, აღდგენილი ფესტივალი, მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის. სტუდენტური კინოს კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ისრაელის საელჩო საქართველოში, „ელიტ-ელექტრონიქსი“, „სარაჯიშვილი“, „ყავა პელე“ და „ნაბეღლავი“, ტელეკომპანია „MUSIC BOX”, რადიო „ფორტუნა+“, საინფორმაციო სააგენტო „GHN“, „24 საათი“, „Georgia Today“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები