ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართება

13 ივნისს მწერალთა სახლში ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნში შესულია ხელოვანის მიერ შექმნილი თოჯინები და მათ შესახებ მოთხრობილი ზღაპრები და ამბები.
„ნანა ყაულაშვილი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მან საკუთარი შემოქმედებით ჯადოსნური სამყარო შექმნა, სადაც მოგზაურობა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო და შთამაგონებელია.
ხელოვანის მიერ შექმნილი თოჯინების უმეტესობა მოძრავია, მათი სამოსის დეტალები კი ეროვნულ კულტურაზე დაყრდნობით არის შექმნილი.
ქალბატონი ნანა თოჯინების გარდა ხატავს და ფლობს მხატვრული ქარგვის ტექნიკას. შექმნილი აქვს როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნანა ყაულაშვილის მიერ მოქარგული ნივთებიც. ასევე, აუდიტორიას წარედგინება მის მიერ გამოცემული ახალი წიგნი − „ამბავს გეტყვი“, რომელიც 2025 წელს გამოიცა.
ნანა ყაულაშვილი 2014 წელს მონაწილეობდა ქალაქ მიუნსტერის მეთოჯინეთა ცნობილ გამოფენაში, რასაც მოჰყვა მონაწილეობა პრაღის, ბაქოსა და ალიკანტეს საერთაშორისო გამოფენებში.
ნანა ყაულაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპოზიცია 2019 წელს თბილისის ხელოვნების სასახლეში გაიმართა, რომელმაც დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
13, 14, 15 ივნისს მწერალთა სახლი ნანა ყაულაშვილის ჯადოსნურ სამყაროს მასპინძლობს“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები