ელიზბარ ჯაველიძე: მიშას სხეულში ზვიადის სული ჩასახლდაო…
“ახალ პარტიას „ეროვნულ მოძრაობას” დაარქმევენ, ამიტომ დასჭირდათ ირაკლი წერეთლის გამოყვანა, რასაც მოჰყვა პარტიის დაშლა და სულ მალე ჩვენ ვიხილავთ ეროვნულ საფარქვეშ აღმოცენებულ პარტიას, რომელიც „ნაციონალებით” იქნება დაკომპლექტებული”, – ასე ეხმაურება „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „ნაციონალური მოძრაობიდან” პარტიის 4 წევრის წასვლას.
როგორც ჯაველიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, აღნიშნული პირები თავის გადარჩენის მიზნით გამოიქცნენ პარტიიდან. მისი ვარაუდით, შეიქმნება ახალი პარტია, რომელსაც „ეროვნულ მოძრაობას” დაარქმევენ.
„ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ერთი პრინციპით იყო შეკრული – „ყველა დამნაშავეა” და ეს წარმოადგენდა დამნაშავეთა გაერთიანებას. როცა ერთ დამნაშავეს იჭერ, ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება ყველას დაჭერა. ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით გამოიქცნენ დამნაშავეთა პარტიიდან. დასავლეთმა ახალი თამაში წამოიწყო, ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ დაინახეს, რომ საქართველო „ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს აღარ მიიღებს. ახლა მათი მიზანია, შედარებით გაუსვრელი სახეებით ახალი „ნაციონალური მოძრაობა 2″ შექმნან. რა სახელს დაარქმევენ, ეს სხვა საკითხია. აი, ეს არის კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი პარტიიდან წამოსვლისა. ამ სქემას კი ხელმძღვანელობს გებელსი – ბოკერია, რომელიც ცდილობს, სახეშეცვლილი წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ახალ პარტიას „ეროვნულ მოძრაობას” დაარქმევენ, ამიტომ დასჭირდათ ირაკლი წერეთლის გამოყვანა, რასაც მოჰყვა პარტიის დაშლა და სულ მალე ჩვენ ვიხილავთ ეროვნულ საფარქვეშ აღმოცენებულ პარტიას, რომელიც „ნაციონალებით” იქნება დაკომპლექტებული. ისიც მახსოვს, აქტიური ზვიადისტი როგორ გადაიქცა მიშისტად და ისიც მახსოვს, ზვიადის მიმდევარი ერთ-ერთი ცნობილი ქალი ამბობდა, – „მიშას სხეულში ზვიადის სული ჩასახლდაო”… აი, მაშინ კი ვთქვი, რომ ახლა დაიღუპა საქართველო-მეთქი… სწორედ ამ სახეცვლილებასთან გვაქვს დღეს საქმე, ასეთი ადამიანების კი მე არ მწამს, ესენი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ მუცელზე და არა საკუთარ სამშობლოზე…” – განაცხადა ჯაველიძემ.