იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მიიღებს
საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მიიღებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა “დოჟდთან” ინტერვიუში განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თუ უკრაინა ნატოს მიმართავს წევრობის განაცხადით, მის საკითხს ისე განიხილავენ, როგორც სხვა ყველა ქვეყნის განაცხადს.
“უკრაინა რუსეთის მხრიდან ანექსიას განიციდის და როგორც ყველა ქვეყანას, მასაც აქვს უფლება დახმარება ითხოვოს. ნატო კიევს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს და მას არმიის რეფორმირებაში ეხმარება. ალიანსი კიევისთვის შეიარაღების უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვინაიდან ეს ნატოს წევრი ქვეყნების კომპეტენციაში შედის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე მიუღებელი უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობას.