მიხეილ მაჭავარიანი: მტერს არ გავახარებთ
მგონია, რომ ფასეულობების გარშემო ისევ ერთიანნი ვიქნებით და მტერს არ გავახარებთ, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მაჭავარიანი თავისი ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანამ თავად არ განმარტავენ პარტიის დატოვების მიზეზებს, წინასწარ არანაირ შეფასებას არ გააკეთებს.
“მთავარია, რა არის მიზეზი მათი პარტიიდან წასვლისა, ეს ოთხშაბათს განცხადება და როგორ გაგრძელდება პროცესი. გაირკვევა, ერთი ფასეულობები დაგვრჩება და ეს იქნება ბრძოლა ოლიგარქული რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ეს იქნება სხვა. მე არანაირად არ მინდა არც ზურაბ ჯაფარიძე და არც ჩემი კოლეგები წინასწარ განვიხილო, ენა არ გამასწრებს ნამდვილად, მაქვს იმის გამოცდილება, რომ მას შემდეგ ვისაუბრო, როცა ყველა ინფორმაციას მივიღებ. მგონია, რომ ფასეულობების გარშემო ისევ ერთიანი ვიქნებით და მტერს არ გავახარებთ, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ეს საკითხები თუ ვინმეს ახარებს, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის ცუდი”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.