ეკა ბესელია მსჯავრდებულ ლევან კორტავას მკვლელობის საქმეზე გასულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მედიაში მსჯავრდებულ ლევან კორტავას მკვლელობის საქმეზე გასულ ინფორმაციას ეხმაურება.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის გადაცემა – P.S – ში გასული მასალა იყო არაობიექტური, ცალმხრივი და სატელევიზიო ეთერში რეალური ფაქტები დამახინჯებულად გადაიცა. კერძოდ – ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენდა ციხის ყოფილ უფროსზე რათა მას, ფაქტები დაემახინჯებინა და ჩვენება შეეცვალა. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება მალხაზ სინაურიძესთან ჩაწერილი და გადაცემისათვის დამონტაჟებული ინტერვიუს იმ ნაწილებით რომელიც ეთერში გავიდა. ანუ რეალურად ის რაც განაცხადა დასკვნის სახით ჟურნალისტმა, იყო მხოლოდ მის მიერვე ინტერპრეტირებული.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მა გადაცემაში ინტერპრეტაციით და ფაქტების დამახინჯებით მიაწოდა მსმენელს ინფორმაცია, რაც აშკარად მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდმარის დისკრედიტაციას და მისდამი ცრუ ბრალდებების გაჟღერებას.
სიუჯეტი იყო დაუბალანსებელი, ცალმხრივი. მიუხედევად ეკა ბესელიას შეთავაზებისა, რომ ლევან კორტავას საქმეზე პოზიციას პირდაპირ ეთერში გამოხატავდა, ეს შესაძლებლობა „რუსთავი 2“ – მა უარყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება არღვევს და კონფლიქტში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტადარტებთან. რუსთავი ორის გადაცემა – P.S ში გასული მასალა სრულად უგულვებელყოფს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოთხოვნებს კერძოდ, ქარტიის პირველ და მესამე მუხლებს: – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და ღიად, აცხადებს რომ მსჯავრდებული კორტავას მკვლელობის საქმეში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კორტავას მიმართ ძალადობის განხორციელების პირველივე დღეებიდან ახდენდა მონიტორინგს პროცესზე და სწავლობდა მომხდარ ფაქტს, რაც წარმოადგენს კომიტეტის უპირველეს და პირდაპირ მოვალეობას. კომიტეტის თავმჯდომარემ ნამდვილად დაიბარა გეგუთის კოლონიის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე , შეხვდა მას და მოითხოვა მისგან ინფორმაცია თუ რა მოხდა შემთხვევის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მალხაზ სინაურიძე აცხადებდა, რომ კორტავა კიბეებზე დაგორდა და ამის შედეგად მიიღო დაზიანებები. ეს ვერსია თავიდანვე იყო საეჭვო და საბოლოოდ დადასტურდა გამოძიების შედეგებითა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით რომელშიც მითიტებულია რომ კორტავა კი არ დაგორდა კიბეებზე, არამედ სასიკვდილოდ იყო ნაცემი.
ეკა ბესელია აცხადებს რომ უზნეობად და ყოველგავრ უმსგავსობად შეიძლება იყოს აღქმული მცდელობა, რომ მოკლულ ლევან კორტავას ფაქტი იყოს გამართლებული რაიმე ფორმით.
შეგახსენებთ რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად მონიტორინგის პროცესში იმყოფებოდა გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოინახულა კომაში მყოფი დაზარალებული პატიმარი და შეხვდა მისი ოჯახის წევრებს. კომიტეტმა მონიტორინგის შედეგებზე მოამზადა შესაბამისი დასკვნა – რეკომენდაციებით რომელიც გადაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე მთავარ პროკურატურას.
ეკა ბესელია აცხადებს რომ „რუსთავი 2“-ის, „ფრეშ ნიუსის“ და „ქრონიკა +“ ის მიერ ლევან კორტავას საქმის ცალმხრივად გაშუქება და საზოგადოებისათვის ცრუ ფაქტების მიწოდება, მიზნად ისახავს კომიტეტის საქმიანობის დისკრედიტაციას და საზოგადოებისთვის ისეთი რეალობის შექმნას, რომელიც გააჩენდა დაუცველობისა და უსამართლობის განცდას. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მართლაც საეჭვოდ გაქცეული, ძებნაში მყოფი მალხაზ სინაურიძე არაორაზროვანი განცხდებებით პირადი სარგებლის მიღებას და პოლიტიკური დევნის იმიტაციის შექნაით თავშესაფრის მოპოვებას ცდილობდეს.
ცნობისათვის ლევან კორტავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებული პატიმრების საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულებულია და მათ ს/ს კოდექსის 125-ე, 117-ე და 2231- ე მუხლებით მიესაჯათ შესაბამისი სასჯელები. გეგუთის კოლონიის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ბრალდების ს/ს საქმე (დანაშაული გათვალისწინებულია ს/ს კოდექსის 332-ე და 375 – ე მუხლებით) არსებითად განიხილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „რუსთავი 2“ 0-ის , „ქრონიკა +“ და „ფრეშნიუსის“ წინააღმდეგ ცილისწამების ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს შესაბამისი რეაგირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები