დავით უსუფაშვილი: პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტების პაკეტები შემოვიდა
პარლამენტის ბიურომ 27 – 29 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. 27 მაისის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიგლა აგულაშვილის ადგილმონაცვლის, თეიმურაზ ნერგაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს განიხილავენ.
დღის წესრიგში 70 განსახილველი საკითხია შეტანილი, მათ შორისაა: კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“( III მოსმენა), რომლითაც განისაზღვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის რეგულაცია;
კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (II მოსმენა), რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 2391 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის;
კანონპროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ (II მოსმენა), რომელიც აწესრიგებს არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის, აგრეთვე მათი მონაწილეობით აღნიშნული პროცესების წარმოების თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს და სხვა კანონპროექტები.
ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, შესაბამის კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცედურა დაიწყება, მათ შორისაა კანონპროექტები: ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტი ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ განსაზღვრვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფუნქციებს. კერძოდ, აღნიშნული სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა. პროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ფორმებს, სამსხურის მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლასასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავსირებულ რეგულაციებს. კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის და მისი თანმდევი 53 კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათშორისი კომისია.
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო ავტორი პარლამენტის წევრი პაატა კიკნაველიძე.
,,პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად, იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. განისაზღვრება საბჭოს უფლებები. კანონპროექტით შემოდის საგანგებო პროკურორის ცნება, ფუნქციები და ამოცანები. საბჭო მონაწილეობს საგანგებო პროკურორისა და მთავარი პროკურორის დანიშვნაში (დამტკიცებაში). ახლებურად განისაზღვრება მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს საბჭო. განისაზღვრება აღნიშნული საბჭოს ფუნქციები, ფორმირებისა და საქმიანობის წესი. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, კომერციული ბანკების ლიცენზირებას განახორციელებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. გარდა ამისა, კანონის მთელ რიგ მუხლებში ეროვნული ბანკის ნაცვლად განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობის ნაწილში. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენის წევრები: თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტების პაკეტები შემოვიდა, რომელიც ეხება პროკურატურის რეფორმას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელმაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია ბოლო დღეებში.
,,მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პარლამენტი ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს სათანადო განსჯის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა ყველა ამ ინსტიტუტის სტაბილურობის და უკეთ მუშაობის უზრუნველყოფა, ინსტიტუციური გაძლიერება, მათ მიმართ მოქალაქეთა და ყველა იმ დაინტერესებული სუბიექტის ნდობის ამაღლება, ვისაც შეხება აქვს საბანკო სექტორთან, სამართალდამცავ სისტემასთან და უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.