“არავის ეხალისება, დარწმუნებული ვარ, ზურა აბაშიძესაც, ესაუბროს მტერი სახელმწიფოს წარმომადგენელს”

არავის ეხალისება, დარწმუნებული ვარ, ზურა აბაშიძესაც, ესაუბროს მტერი სახელმწიფოს წარმომადგენელს, მაგრამ მტერსაც უნდა ელაპარაკო იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი არა რუსეთის, არამედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს. „აბაშიძე-კარასინის მომავალ შეხვედრას დიალოგის ფორმატის გაფართოებას ვერ დავარქმევდი, რადგან სფერო, რაც იყო აქამდე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ამაში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება. რაც შეეხება იმას, რა დავალება მისცა პუტინმა კარასინს, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება კარასინმა მსგავსი ბევრი დავალება მიიღოს, მაგრამ მთავარი ისაა ამ მოლაპარაკებებში, რამდენად მყარად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯექით. არავის ეხალისება, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ზურა აბაშიძესაც, ესაუბროს მტერი სახელმწიფოს წარმომადგენელს, მაგრამ მტერსაც უნდა ელაპარაკო იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა“, – განაცხადა მიროტაძემ „პირველ პრესკლუბში“.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები