იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: მოსამართლეს გენინსპექტორი არ სჭირდება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლეების დისციპლინური გადაცდომები და დასჯის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემავალმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს, მოწინააღდეგეები მრავლად გამოუჩნდა. მოსამართლეთა კორპუსთან ერთად აღმოჩნდა, რომ მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც არ იზიარებს.
როგორც მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი მოსამართლეთა დასჯაა. საბჭოს მდივანი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მოსამართლეების გადაცდომები ინსპექტორმა შეისწავლოს. მისი განმარტებით, თუ მაინცდამაინც მოსამართლის დასჯა იქნება საჭირო, ამისათვის უმჯობესია სასამართლო კონფერენციებმა აირჩიოს მოსამართლე, რომელსაც დისციპლინური დევნის აღძვრას მიანდობს. „ გარდა ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებისა, მთელი რიგი ცვლილებები შემოაქვთ. საუბარია ასევე იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების გადაწყვეტილების მიღებისას 10 აუცილებელი მხარდამჭერის რაოდენობა ჩამოვიდეს 8 ხმაზე. მიუღებელია ის ინიციატივაც, რომ კენჭისყრა იყოს ღია. საუბარია იმაზეც, რომ კანონის უხეშ დარღვევაზე უნდა მოხდეს მოსამართლეთა დასჯა. თუ ინსპექტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, მას ექნება იმის უფლება, რომ ამ კანონდარღვევაზე შეამოწოს მოსამართლე და მოსთხოვოს მას პასუხი. შექმნილია ისეთი ფონი, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი იყოს მოსამართლეებზე იუსტიციის საბჭოში შემოსული. ეს ყველაფერი მე და სასამართლოს კორპუსის აბსოლუტურ უმრავლესობას გვიქმნის განცდას, რომ ქვეყანაში პრობლემას ქმნის ის, რომ მოსამართლეები არ არიან დასჯილები. ამისათვის საჭიროა ინპექტორი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, ექნება უფლება, დაიბაროს მოსამართლე, ჩამოართვას ახსნა – განმარტება, აღძრას მის მიმართ დისციპლინური დევნა და გარკვეული ზემოქმედების ღონისძიებები განახორციელოს. ეს დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც სამინისტროებისთვის გენინპექციაა. მოსამართლეს გენინსპექტორი არ სჭირდება. თუ მაინცდამაინც მოსამართლის დასჯა გვინდა, სასამართლო კონფერენციებმა აირჩიონ მოსამართლე, რომელსაც დისციპლინური დევნის აღძვრას მიანდობს და მოსამართლე იქნება ანგარიშვალდებული. მოსამართლის დასჯის საკითხი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. ამ ინსტიტუტის მთავარი მიზანი და არსი არის ის, რომ მოსამართლეთა დასჯა მოხდეს“,- აღნიშნა ლევამ მურუსიძემ.
რაც ეეხება ინპექტორის დანიშვნის წესს, მურუსიძის განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, რის შემდეგაც კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევს.