თინა ხიდაშელი: სტატისტიკას თუ შევხედავთ, გატაცებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, გატაცებების ყოველი ფაქტი აღმაშფოთებელი და ყურადღებამისაქცევია, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სოფელ გრემისხევიდან საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში ყველა პრობლემის მოგვარება მშვიდობიანად მოხერხდება და ინციდენტები შემცირდება.
“სამწუხაროდ, მე არ ვიცი ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ. მაგრამ არ მიკვირს, არ არის პირველი შემთხვევა, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ბოლო იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ასეთი ტიპის ურთიერთობებით არის ის ცნობილი და ხასიათდება საქართველოსთან და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ქართულ მხარეს აქვს არჩეული, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ექნება და ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში, რომ ყველა ის პრობლემა, იქნება ეს ადამიანების გატაცება, მცოცავი ანექსია, პირობითი საზღვრის გადაწევა-გადმოწევასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვაგვარებთ და ასეთი ინციდენტები მინიმალური გახდება.
ყოველი ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად აღმაშფოთებელი და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ჩვენი ამოცანაც ეს გახლავთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებეთ, რომ გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებაორებს. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან.