“ვიზალიბერალიზაცია ჩვენ არ უნდა მიგვეღო, ევროპელები სწორად მოიქცნენ“
„ვიზალიბერალიზაცია ჩვენ არ უნდა მიგვეღო, ევროპელები სწორად მოიქცნენ“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი დემურ გიორხელიძე რიგის სამიტის შედეგებსა და სამიტზე მიღებულ დეკლარაციას. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ჩვენი საქმიანობით არაფრით არ ვიმსახურებთ იმას რომ დაჩქარებული ტემპებით მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპას.
გიორხელიძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო მიგრაციის მაჩვენებელს გაზრდის.
„ქართული სახელმწიფო რომ შედგეს, ის აუცილებლად დასავლური სახელმწიფოს მოდელზე უნდა იქნას აგებული და უნდა გადმოვიტანოთ ყველა ის ფუნდამენტალური პრინციპი, რომელიც დასავლეთში სახელმწიფოს მშენებლობაში და პოლიტიკურ სისტემაში დევს.
რიგის სამიტის მოლოდინი თავისთავად არასწორი იყო რადგან ქვეყანაში არაფერია მყარი, სტაბილური არ არის, არ არის აგებული პოლიტიკური სისტემა, სადაც საშინელი სიღარიბეა, ქვეყანა 25 წელია სოციალურ ჭაობშია. ზედმეტი აპელირება ხდება ამ სამიტებზე. შესანიშნავია მიმოსვლის თავისუფლება, მაგრამ ამ ღატაკ ქვეყანაში სადაც მიგრაციის უზარმაზარი პროცენტია, უვიზო რეჟიმი ნიშნავს ასი ათასობით ადამიანი დღეს იძულებით მოწყდეს ქართულ გარემოს და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში გადაბარგდეს ევროპაში სამუშაოს საძიებლად. რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთვის არაფრის მომცემია ფაქტიურად ევროპელები დელიკატურად მიგვანიშნებენ რომ თავი დავანებოთ ამ სულელურ მოლოდინებს მივხედოთ ჩვენ ქვეყანას და ევროპას დავემსგავსოთ იმაში, რასაც სახელმწიფოს მოწყობა ქვია. ჩვენ გვინდა ევროკავშირის ძახილით მიგვიერთონ, გვარჩინონ, მოგვიარონ, გვიპატრონონ? ჩვენ ჯერ ერთი დიდი ნაბიჯიც ვერ გადავდგით იმისთვის რომ ევროპის სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო ჩვენი სახელმწიფო. ჯერ სტანდარტები, შემდეგ ინტეგრაცია“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.