“ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგის სამიტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ.

“რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინები შესაძლოა, ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. საქართველომ კი ამაზე მუშაობა დავიწყეთ ორი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით “ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა”, რაც საქართველოში გატარებულ რეფომებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტების გააქტიურობას გულისხმობს. “ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ, რაც გამოიხატა ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამ სიტუაციაში ჩვენ მაქსიმუმი შევძელით. ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. რაც მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები