ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთთან მთავარ პრობლემად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება

საქართველოს პრემიერი მინისტრი ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაულ “აფხაზეთობის” აღნიშნვას დაესწრო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სურვილი აქვს რუსეთთან მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ გადაწყდება, იქამდე ეს ურთიერთობები იქნება გაურკვევლობაში. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. “ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, გვსურს, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული, მეზობლური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, იქამდე ჩვენი ურთიერთობები იქნება ასეთ გაურკვევლობაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინსიტრმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობასაც მიმართა და მათ წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები