საგარეო საქმეთა სამინისტრო რიგის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 22 მაისს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ლატვიის დედაქალაქ რიგაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი 6 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს მთავრობის/სახელმწიფოს მეთაურები. სამიტს თავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალსტრომი. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე განხილული იქნა პარტნიორი ქვეყნების მიერ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების კუთხით ვილნიუსის სამიტის შემდგომ მიღწეული პროგრესი და დაისახა თანმშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია რიგის სამიტის მნიშვნელობა რეგიონში არსებული უაღრესად დაძაბული ფონის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჯეროვანი ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობას, რაც აისახა კიდეც სამიტის დასკვნით დოკუმენტში. სამიტზე საქართველოს მხრიდან მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი, სერიოზული საგარეო გამოწვევების მიუხედავად. აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა დღის წესრიგში არსებული ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების მიზნით, რაც საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ევროკავშირს და შექმნის კარგ საფუძველს მეტი ინტეგრაციისთვის. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია (ჟოინტ Dეცლარატიონ), რომელიც ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ერთობლივ დოკუმენტს წარმოადგენს. დეკლარაცია ასახავს იმ საერთო სულისკვეთებას, პრინციპებსა და ფასეულობებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ურთიერთთანამშრომლობისა და დაახლოების პროცესს, და ამ თვალსაზრისით განსაზღვრავს ურთიერთობების განვითარების შემდგომ ნაბიჯებს. აღსანიშნავია რიგის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის, საქართველოსთვის საყურადღებო, შემდეგი გზავნილები: აღიარებს შესაბამისი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს; ხაზს უსვამს თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ამბიციური დონე და მიზნები. აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი სუვერენული პარტნიორები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა მიმართულებით სურთ გააგრძელონ ურთიერთობა. საუბრობს 2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომლებმაც ცხადყო, რომ 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ შეიძლება გარანტირებულად ჩაითვალოს. დეკლარაციის ეს ჩანაწერი, უკრაინის კრიზისთან ერთად, წარმოადგენს გამოხმაურებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათი შემდგომი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ინტეგრაციის შესახებ “ხელშეკრულებების” გაფორმების გზით. ამ ფონზე, ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ყველა პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების საჭიროებასთან ერთად, ხაზს უსვამს მზაობას შემდგომი ძალისხმევისთვის საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანათავმჯდომარეობის გზით და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად განხორციელების საშუალებით. მიესალმება – საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში (EUFOR RCA) და ქვეყნის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) და EUTM Mali-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების წარმატებით დაწყებას და პოზიტიურად აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის ზრდას DCFTA-ს ამოქმედების შემდეგ. საქართველოს და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, რომელიც ასახულია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში. გამოთქმულია მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები დაასრულებენ სავიზო რეჟიმის (VLAP) ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ევროკომისიის მზაობა წარმოადგინოს აღნიშნული ქვეყნების მიერ განხორციელებული პროგრესის ანგარიში 2015 წლის ბოლომდე. ყველა პირობის შესრულება შესაძლებელს გახდის, რომ დასრულდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმა და ევროკომისიამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს. ადასტურებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მიზანს – განავითაროს გაძლიერებული და დიფერენცირებული ურთიერთობები ევროკავშირსა და ექვს სუვერენულ, დამოუკიდებელ პარტნიორს შორის. აღიარებს პარტნიორების ერთგულებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობისადმი, რომლებიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებებით განსაზღვრული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითად საფუძველს. ადასტურებს ევროკავშირის მზაობას განაგრძოს პარტნიორების მხარდაჭერა და შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას, განსაკუთრებით ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის მეშვეობით (ENI), მათ შორის, ინსტიტუციონალური გაძლიერების და საჯარო მმართველობის რეფორმის კუთხით. განსაზღვრავს კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, კერძოდ: ა) ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ბ) მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები; გ) საბაზრო შესაძლებლობები და დ) ურთიერთკავშირების განვითარება ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის პარალელურად 20 მაისს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და. ამავე დღეს გაიმართა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მედია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა. 21 მაისს ჩატარდა ბიზნესფორუმი, რომელშიც საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე ქართული დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები