პაატა ზაქარეიშვილი: არ მაინტერესებს რუსეთი, ჩემთვის მთავარია, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა
“აბსოლუტურად არ მაინტერესებს რუსეთის ხედვები. ჩემთვის მთავარია, რამდენად სწორად ვიქცევით საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე”, – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი რიგის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მთავარია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა. “თქვენ, გაქვთ უფლება უსმინოთ რუსეთს. მე, როგორც წესი, მას არ ვუსმენ და ვუყურებ მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. თქვენ, ჟურნალისტები კითხვის დასმას იწყებთ იმით, რა თქვა რუსეთმა და არ უყურებთ რა პროგრესი აქვს და რა მდგომარეობაა საქართველოში.
ეს თქვენი ნებაა და ვერ გისაყვედურებთ, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს რუსეთის ხედვები. ჩემთვის მთავარია, რამდენად სწორად ვიქცევით საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ კი სწორად ვიქცევით. ჩვენი ნაბიჯები არის მყარი, მდგრადი და შეუქცევადი. მკაფიოდ მივდივართ ევროპისკენ და ამ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე. სწორედ ეს აღელვებს ჩვენს ოპონენტებს; არ გადავდივართ შეტევაზე; საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას – არც დადებითს, არც უარყოფითს, ილაპარაკონ. მადლობა ღმერთს, ჩვენმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მათ ლაპარაკის გარდა არაფერი დარჩენიათ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დაფუძნებულია საქმეზე და არა ლაპარაკზე.
რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
განცხადების თანახმად, რუსეთი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილეებს არ ედავება გაამყაროს ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ ევროკავშირს მოუწოდებს, ეს განახორციელოს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, სახელმწიფოთაშორის ისტორიული კავშირების გათვალისწინებით მეზობლებთან. “რუსეთი, რომელიც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, გამოდის იქიდან, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროპული მატრიცასადმი კუთვნილება არ არის დამოკიდებული რაიმე გადაწყვეტილებებზე ან აღიარებაზე. მისი დამკვიდრება ცოცხალი პროცესია. მან უნდა დააახლოოს ყველა ევროპელი ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და არა გახლიჩოს ისინი ცრუ კითხვით “თქვენ ვისთან ხართ”?. ვადასტურებთ, ევროკავშირთან, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას ერთიანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის ასაშენებლად, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე ყველასთვის, ერთიანი და განუყოფელი უსაფრთხოების საფუძველზე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ რიგაში სამიტის განმავლობაში ზოგიერთი მონაწილის მიერ ხელიდან იქნა გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა, კონტინენტის გახლეჩის თავიდან ასარიდებლად გადადგმულიყო ნაბიჯი.
“აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა საკუთარი არაადეკვატური პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელმძღვანელსა და ბრიუსელის წარმომადგენლებს კიდევ მოუწევთ ისწავლონ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების პატივისცემა, რომელთა შესახებაც სხვადასხვა კონტექსტში მათ ასე უყვართ განხილვები”, – ნათქვამია განცხადებაში.