დიმიტრი ლორთქიფანიძე: რიგის სამიტის დეკლარაციას რუსული ინტერესების კვალი ეტყობა
„რიგის სამიტის დეკლარაცია არის ყველაზე სუსტი პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებს ოდესმე გამოუციათ. ეს არის აბსტრაქტული დოკუმენტი, რომელიც არანაირად არ ასახავს მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება საქართველომ ისარგებლოს ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტით, როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაცია“, – აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის თქმით, რიგის დეკლარაციას აშკარად რუსული ინტერესების კვალი ეტყობა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სამიტის შედეგები ქართული დიპლომატიის კრახად შეაფასა და ხელისუფლებას მასზედ პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ საზოგადოებას, ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯებიც შეახსენა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპასთან დაახლოების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მისივე შეფასებით, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ გადადგა, თუმცა ამის მიუხედავად, მთელ რიგ შესრულებულ დავალებებს ვიზალიბერალიზაციის დაჩქარება არ მოჰყოლია.
„საქართველომ მოლდოვასგან განსხვავებით ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გეგმის განხორციელება 2006 წლიდან დაიწყო, ამ სამოქმედო გეგმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ მიგრაციული პროცესების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება იყო. მიუხედავად რუსეთის მხრიდან სამხედრო პოლიტიკური ექსპანსიისა, რომელიც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებაში გამოიხატა, მიუხედავად ჩვენი მხარის მოთხოვნისა, აღნიშნული, დეკლარაციაში ასახული არ იქნა. რიგის სამიტის დეკლარაციაში რუსული ინტერესების კვალი პირდაპირ აისახება. ეს არის ჩვენი დიპლომატიის აბსოლუტური კრახი. დაგვისახელონ 2013 წლის თებერვლიდან აღებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განხორციელებული ძირითადი საშინაო დავალების პირობები რა შესრულდა საქართველოს მიერ და რა არის მეორე პირობით გათვალისწინებული და ხომ არ მოიცავს შემთხვევით პირველიც და მეორეც 2006 წლიდან 2011 წლამდე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ სამოქმედო გეგმაში არსებულ კონკრეტულ ამოცანებს? ჩვენმა დიპლომატიამ ევროპაში ინტეგრაციის პროცესებისადმი კრახი განიცადა. ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დღევანდელი მთავრობა ვერ გაექცევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი თავისივე ნებით უნდა გადადგეს. ვიზალიბერალიზაციის მიღების მოლოდინები იყო ძალიან რეალისტური და ის 2015 წელს აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.
აიდიზაცია, ბიომეტრული პასპორტები, მიწის რეგულაცია, სასოფლო სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების დაშვება, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი არ არის საკმარისი ეს ხუთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელმაც საქართველოს საზოგადოების ინტერესების ხარჯზე გაიარა? ბოლო აკორდი რომელსაც მოითხოვენ და საშინაო დავალებად ჩაუთვლიან ჩვენს ხელისუფლებას, ყოფილი ხელისუფლების დაკავებული მაღაჩინოსნების გათავისუფლება იქნება. მოქმედი ხელისუფლების წინაშე განსაზღვრული დავალება იქნება რომ შეწყდეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ დევნა სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას და სხვა პირთა მიმართ“- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.