დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების დრო საქართველოსა და უკრაინაზეა დამოკიდებული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება. ამის შესახებ ტუსკმა რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული, თავისი მოქმედებებით განსაზღვრონ, როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო.
მისივე თქმით, ევროპული პარტნიორობა ხანგრძლივი პარტნიორობაა, არ არის გოლიათური ნაბიჯების გადადგმის ადგილი და პარტნიორობა წინ წაიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე როგორც აშენდა ევროკავშირი.
“მოხარული ვარ, რომ ვხედავ ჩართულობის ასეთ მაღალ დონეს, რაც ძალიან ძლიერი გზავნილია და ეს გახლავთ მთავარი გზავნილი იმ აგრესიასა და დაშინებაზე ამ რეგიონში. ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ინტერესებს, რომ უფრო დივერსიფიცირებული ურთიერთობები გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის. ასევე აღვნიშნეთ ის მიღწევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვილნიუსის შემდეგ, როდესაც ასოცირების შეთანხმებები გაფორმდა. ჩვენ განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესრულების ყველა ეტაპი და ხაზი გავუსვით ჩვენს ერთგულებას პარტნიორებთან ურთიერთობების თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ გულისხმობს მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენი ერთობლივი ჩარჩო იმუშავებს, რათა ჩვენი პარტნიორობა კვლავ შედუღაბებული დარჩეს.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” შეიქმნა კონტაქტების საკმაოდ ფართო ქსელი. ჩვენ უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ ჩვენმა პარტნიორმა საზოგადოებებმა იგრძნონ სიტუაციის გაუმჯობესება, ბიძგი მიეცეს ადამიანთა შორის კონტაქტებს, გაიხსნას საბაზრო შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ ვიზა-ლიბერალიზაციის დადებით შედეგებს მოლდოვაში. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც გახლავთ ლიდერები იმისთვის, რომ მიაღწიონ მიზნებს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, პრეზიდენტ იუნკერს და მეც იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ისევ და ისევ უკრაინასა და საქართველოზე არის დამოკიდებული, განსაზღვრონ თავისი მოქმედებებით, როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.