ლატვიის პრემიერი: შემდეგი წლის დასაწყისიდან საქართველო, ალბათ, შეძლებს, ისარგებლოს უვიზო რეჟიმით
საქართველო ალბათ შემდეგი წლის დასაწყისიდან შეძლებს, ისარგებლოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით, – ამის შესახებ რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წლის ბოლოს ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე გამოქვეყნებული დასკვნა დადებითი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები.
“საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც მათ წინაშე დგას. თუ წლის ბოლოს ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას დადებს, მაშინ საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს, სავარაუდოდ, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კომისიის მხრიდან კიდევ ერთი შეფასება და კიდევ ერთი ანალიზი. შემდეგი წლის დასაწყისიდან საქართველო, ალბათ, შეძლებს ისარგებლოს უვიზო რეჟიმით”, – აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.