ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციფრასმა ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელსაც საბერძნეთი მხარს უჭერს.
აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტაბილური, დემოკრატიული და სანდო პარტნიორია ვაჭრობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო ბრუნვის 77%-იანი ზრდა, რომელმაც 2014 წელს 131 მილიონ დოლარს გადააჭარბა;
საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსის ციფრასი აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება.