„ევროკავშირი პარტნიორობის მიმართულებების გადასინჯვას აპირებს, სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებული, ცალ-ცალკე პროგრამები იქნება“
რიგის სამიტის მიმდინარებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განმარტა, რიგის სამიტმა საქართველოს წარმატება დაადასტურა.
„რიგის სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას აჯამებს, რამდენიმე თვის წინ იყო განაცხადი, რომ ევროკავშირი პარტნიორობის ძირითადი მიმართულებების გადასინჯვას აპირებს, რომელიც განხორციელდება იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებული, ცალ-ცალკე პროგრამები იქნება. უშუალოდ წევრობაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ რა ფორმით იქნება თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ასეთი სამეზობლო პოლიტიკის ფორმატი და ურთიერთობები მეზობლებთან. რიგის სამიტმა ჩვენი საქმიანობის წარმატება დაადასტურა და, ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ გლობალურ კონტექსტში ევროკავშირში. დღეს თავად არის გარკვეული გადააზრება იმ მექანიზმებისა, რომლითაც ის ფუნქციონირებს თვითონ ევროკავშირის შიგნით. ესეც, რასაკვირველია, ჩვენი თანამშრომლობის ფორმებზე ზეგავლენას მოახდენს“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.