„საჭიროა გამოძიება ერთი ცენტრალიზებული ორგანო იყოს, რომელზეც საპროკურორო ზედამხედველობა განხორციელდება“

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციისა და პროკურატურის რეფორმას აუცილებელია თან ინსტიტუციური გარანტიები ახლდეს. გარანტიები იმისა, რომ უწყებები პოლიტიზებისგან დაცულები იყვნენ.

როგორც ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია რეფორმირებისას შსს-ს საგამოძიებო ნაწილი ცალკე გამოეყოს და მისი როლი გაიზარდოს.

ყოფილი მინიტრის განცხადებით, გამოძიება ერთი ცენტრალიზებული ორგანო უნდა იყოს ძლიერი საპროკურორო და საპარლამენტო ზედამხედველობით, სადაც გამომძიებელი მთავარი ფიგურანტი იქნება.

„მე ნებისმიერი ტექნიკური დაყოფის ან შეერთების წინააღმდეგი ვარ, თუკი მას თან ინსტიტუციური გარანტიები არ ახლავს. ჩვენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე უშიშროების ორგანოების ინსტიტუციური დეპოლიტიზაციის პირობა უნდა შევქმნათ. შინაგან საქმეთა და უშიშროების დაყოფის საკითხში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების საკითხი. გამოძიება დღეს რამდენიმე სტრუქტურაშია გაბნეული. ესაა საკუთრივ პოლიცია, პროკურატურა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ფინანსური პოლიცია, მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. საგამოძიებო პროდუქტის მაღალი ხარისხისთვის აუცილებელია გამომძიებლის, როგორც სუბიექტის, როლის გაზრდა. გამომძიებელი დღეს თითქმის აღარანაირ როლს აღარ ასრულებს. გამოძიება ერთი ცენტრალიზებული ორგანო უნდა იყოს ძლიერი საპროკურორო და საპარლამენტო ზედამხედველობით, სადაც გამომძიებელი იქნება მთავარი ფიგურანტი, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს მტკიცებულებები, დაამაგროს და შეაფასოს. ის უნდა იყოს შუამავალი დაცვის და ბრალდების მხარეს შორის“,- აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურას, ნარჩემაშვილი მას არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ სასამართლოს ნაწილად განიხილავს. შს ყოფილი მინისტრი თვლის, რომ მთავარ პროკურორს მეტი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, მისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზრდოს და მასზედ კონტროლი პარლამენტმა განახორციელოს.

„ჩემი აზრით, პროკურატურა არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ სასამართლოს ნაწილია. ის დამოუკიდებელი მაღალი უფლებამოსილებით აღჭურვილი ძლიერი სტრუქტურა უნდა იყოს, რომელზეც საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება. მე უფრო მაღალი რეგილიტიმაციის მთავარ პროკურორს ვისურვებდი. მას უფრო დიდი უფლებები და, შესაბამისად, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. აუცილებელია პროკურატურას მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებზე, მათ შორის საგამოძიებო უწყების, უშიშროების და შინაგან საქმეთა სისტემის მაღალი თანამდებობის პირებზე გამოძიების უფლება ჰქონდეს. თავად პროკურორი კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები