ნოდარ ხადური: დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადასახედად

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის გადასახედად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე მუშაობენ იმისთვის, რომ ბიუჯეტი ფინანსური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს.

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ის ვერ იქნება 5%. სამწუხაროდ, იქნება გაცილებით დაბალი, მაგრამ, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ბიუჯეტის გადასახედად. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს არ შეეხება, რაც მთავარია, სოციალურ პროექტებს. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა ბიუჯეტი ფინანსური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს”, – განაცხადა ხადურმა.

მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციული ხარჯები უკვე შემცირებულია და, ამავე დროს, ბიუჯეტს არ ჰქონია და არ ექნება დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე.

რაც შეეხება ექსპერტების იმ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის სწრაფი ცვლილება ხელოვნურად არის გამოწვეული, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

“თქვენ იცით, რომ საბანკო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისად, მათ უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნიათ. მე არ მინდა დავუშვა და ვიფიქრო, რომ საქართველოში ადგილი აქვს ისეთივე მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები