„შეიძლება გადაწყვეტილებები სენსაციური არ იყოს, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება მოქალაქეებისთვის“
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ რიგის დღევანდელი სამიტი ევროკავშირისთვის და მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის პოზიტიური იქნება.
როგორც მან რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე განაცხადა, შეიძლება, გადაწყვეტილებები სენსაციური არ იყოს, მაგრამ ის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება.
“სამ სახელმწიფოსთან უკვე გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტი. კიდევ სამთან ვგეგმავთ თანამშრომლობის გააქტიურებას. შეიძლება, გადაწყვეტილებები არ იყოს სენსაციური, მაგრამ ეს სასარგებლო იქნება ამ სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, დღევანდელი დღე პოზიტიური იქნება ევროკავშირისთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მოგერინიმ. რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობს. სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი დღეს გახდება ცნობილი.