ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.
მხარეები ასევე განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება. პრემიერი სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შედიან.