დავით უსუფაშვილმა ესპანეთის კონგრესში შეხვედრები გამართა
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები დღეს ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტთან, ხესუს პოსადასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის თავმჯდომარესთან, სამთავრობო სახალხო პარტიის დეპუტატთან, ბეატრის როდრიგეს სალმონესთან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში-ინიგო მენდეს ვიგოსთან გამართა.
„ბატონმა [კონგრესის] თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღგვითქვა დახმარება ყველა იმ საკითხში, რასაც საქართველო საჭიროებს რიგის სამიტზე. ესპანეთის დელეგაციის პოზიცია ძალიან საჩვენო იქნება “,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს. ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და რიგის სამიტთან დაკავშირებით, ყველა საკითხში დახმარება აღუთქვა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ქართულმა დელეგაციამ ნაყოფიერი შეხვედრები გამართა. „ბატონმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღგვითქვა დახმარება ყველა იმ საკითში, რასაც საქართველო საჭიროებს რიგის სამიტზე. ესპანეთის დელეგაციის პოზიცია იქნება ძალიან საჩვენო“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპა უკეთაა შესაკავშირებელი.
„ შევთანხმდით, რომ მზად ვართ, გავამაგროთ ევროპის ორი უკიდურესი წერტილი, ესპანეთი სამხრეთ-დასავლეთს ამაგრებს, ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებას და ამითი ჩვენ რაღაცნაირად შევთანხმდით, რომ ევროპა უკეთაა შესაკვრელი და შესაკავშირებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ესპანეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში გაეროს მასშტაბით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი პოზიციები ნიშნავს ძალიან ბევრს, ვინაიდან, ესპანეთის გავლენა ძალიან დიდია მსოფლიოში, განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკაში. ამიტომ ჩვენი ურთიერთობები ამ ასპექტსაც შეიცავს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საკითხებში საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, ესპანურმა მხარემ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ესპანეთის კონგრესის პარლამენტის წევრებთან, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ შევხვდით მათაც და მათი მხრიდანაც არის პოზიცია საკმაოდ მკაფიო და ეს გამოიხატა კიდეც რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით, სადაც ესპანეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა სწორედ იმ შესწორებებს, რაც საქართველოს დელეგაციამ შეიტანა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კვაჭანტირაძე და ირაკლი ჩიქოვანი შედიან, ესპანეთში ვიზიტს 23 მაისს დაასრულებს.