რომან გოცირიძე: ლარის გამყარება სიტუაციურიც იყოს და მოთხოვნის გაჩენით იყოს გამოწვეული
„ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის, ფუნდამენტურზეც”, – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე ქვეყანაში ლარის გამყარების პროცესს.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფაქტორების გარდა, შესაძლოა, ლარის გამყარება სიტუაციურიც იყოს და ლარზე უბრალოდ მოთხოვნის გაჩენით იყოს გამოწვეული.
„ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ფუნდამენტურზეც. როგორიცაა იმპორტის შემცირება. იმპორტი შემცირდა იმის გამო, რომ მყიდველობითუნარიანობა დაკარგეს როგორც მოსახლეობამ, ისე იურიდიულმა პირებმა. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორი. მაგალითად, ტურიზმის გარკვეული ზრდა.
ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემცირდა ვალუტის გადინება, ვინაიდან ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებ გაზს და ნაკლებ ენერგიას ვყიდულობთ და ა.შ.
ასე რომ, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა, თუმცა, შეიძლება არის რაღაც სიტუაციურიც და ლარზე, უბრალოდ, მოთხოვნა გაჩნდა“, -განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კრიტიკით, მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას ცდილობს. დღეს ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2. 25 ლარი გახდა.