“ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ დახმარებაზე, არამედ საქართველოს საქმითაც ვეხმარებით”

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილი იან კელის განცხადებით, საქართველო აშშ-ს საგარეო სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია.

“ჩვენ ხშირად უნდა ვიმეოროთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატოში გაწევრიანებას, ევროპაში ინტეგრაციას, და, რა თქმა უნდა, ქვეყანას შევთავაზოთ ხელშესახები მხარდაჭერაც”,- განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილმა იან კელიმ. ამასთან, დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველო აშშ-ის საგარეო სამხედრო და სამხედრო-საგანმანათლებლო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია.

“ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ დახმარებაზე, არამედ საქართველოს საქმითაც ვეხმარებით” ,-განაცხადა კელიმ და დასძინა, რომ აშშ უნდა დარჩეს ორიენტირებული საბოლოო მიზანზე და მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, გახდეს უფრო თავსებადი ნატოსთან, განაგრძოს თავდაცვის რეფორმები, რისთვისაც მოქმედებს მრავალი პროგრამა, როგორც სახელწიფო, ასევე თავდაცვის დეპარტამენტში. იან კელის თქმით, აშშ მტკიცე და თანამიმდევრული უნდა იყოს რუსეთის არალეგალური ოკუპაციის უარყოფაში.

„ასევე უნდა ვიყოთ მტკიცე და თანამიმდევრული რუსეთის არალეგალური ოკუპაციის უარყოფაში. ცხადია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მთავარი პრინციპი, რომ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს ალიანსი, არის უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და აშშ-მ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც საქართველოს მისი მისწრაფებების რეალიზებაში დაეხმარება“,- განაცხადა იან კელიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოხდა აშშ-ის პროგრამების რეორიენტირება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში დასახმარებლად, რადგან ევროკავშირსა და ზოგადად, ევროპულ ინსტიტუციებში საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე 13 მარტს წარადგინა. იან კელი იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში, რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. კელის ასევე ეჭირა სპიკერის პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში 2009-2010 წლებში. აშშ-ის მოქმედ ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს უფლება-მოსილების ვადა ზაფხულში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები