“აღმოსავლეთ პარტნიორობა: სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს”

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრები, ევროკავშირს კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდებენ.

EPP-ს წევრი ევროპარლამენტარები ევროკავშირს მიმართავენ და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცების კურსი აქტიურად გააგრძელებისკენ მოუწოდებენ.

“სამიტმა ევროპული მომავლის თაობაზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უნდა გაუგზავნოს ქვეყნებს, რომლებსაც დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურთ. ამგვარი პერსპექტივა პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის მთავარი მამოძრავებელი შეიძლება გახდეს. ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა რეფორმების გასატარებლად გრძელვადიანი მოტივაციაა, ვიზა ლიბერალიზაციისა და უვიზო რეჟიმის მიღწევა კი მოკლე დროშია შესაძლებელი. სამიტზე ევროკავშირმა სწორედ ეს პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, სამეზობლო პოლიტიკისა და ევრონესთის საკითხებში სანდრა კალნიეტემ.

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მეტი ამბიცია უნდა გამოამჟღავნონ და საქართველოსა და უკრაინას სავიზო რეჟიმის გამარტივების კონკრეტული თარიღი შესთავაზონ. მათი თქმით უვიზო რეჟიმი ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ხალხს, რითაც ევროკავშირი აჩვენებს, რომ რეგიონის მიმართ გრძელვადიანი ვალდებულებები გააჩნია.

“აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი პოლიტიკა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არა ევროკავშირის ან პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მცირე ინტერსის, არამედ რუსეთისა და რეგიონში მისი იმპერიალისტური პოლიტიკის გამო. მაგრამ ფარ-ხმლის დაყრის ნაცვლად, ჩვენ გავაორმაგეთ ძალისხმევა და შესაფერისი პასუხები შევიმუშავეთ, რომელიც ამ პარტნიორობის ორივე მხარის მოლოდინებს გაამართლებდა“, – განაცხადა საგარეო საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ იაცეკ საირუშ-ვოლსკიმ.

რიგის სამიტზე უკრაინა ევროკავშირისაგან 1.8 მილიარდ ევროს მოცულობის დახმარებას მიიღებს. პროგრამას ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი მოაწერს ხელს. საერთო ჯამში, უკრაინა ევროკავშირის სამი პროგრამით მიიღებს დახმარებას, რომლის საერთო მოცულობაც 3.4 მილიარდ ევროს უტოლდება.

“აღმოსავლეთის პარტნიორობა სამუშაო პროცესშია და სამომავლოდ კიდევ განვითარდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიწრო ამბიციები სტრატეგიულზე მაღლა დადგეს, ჩვენ უკან არ დავიხევთ იმ პოზიციიდან, რომელზეც უკვე შევთანხმდით და მესამე მხარეს, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში ჩამოყალიბებულ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე ზეგავლენის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ეს პოლიტიკა, რადგან ის ჩვენი პარტნიორების ნებას ასახავს; იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ფუძემდებლურ ინტერესებში შედის და იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ დავიცავთ თავისუფლებასა და დემოკრატიას ჩვენს სამეზობლოში, ჩვენი საკუთარი თავისუფლება, დემოკრატია და კეთილდღეობა დადგება რისკის ქვეშ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, სამეზობლო პოლიტიკისა და ევრონესთის საკითხებში სანდრა კალნიეტემ კი აღნიშნა, რომ მას სჯერა, სამიტი ერთიან უკრაინას სრულ სოლიდარობას გამოუცხადებს.

“ლიდერებმა კიდევ ერთხელ უნდა განაცხადონ, რომ მხოლოდ ევროკავშირმა და მისმა დამოუკიდებელმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ გააგრძელებენ ურთიერთობებს. მესამე მხარეს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს. მჯერა, რომ სამიტი სრულ სოლიდარობას გამოუცხადებს ერთიან უკრაინას და გარკვევით განუცხადებს რუსეთს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი ჰიბრიდული აგრესია, ყირიმის უკანონო ანექსია და საერთაშორისო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა პირდაპირი გამოწვევები მიუღებელია, – განაცხადა კალნიეტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები