ევროკავშირი საქართველოს 2 მილიარდს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში 2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირებას აპირებს – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების სახით 200 მილიონი ევროს გრანტები გამოიყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ეს დახმარება საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 2-მილიარდიან ინვესტირებასაც გულისხმობს.

“ევროკომისიამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო, რათა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის სავაჭრო კავშირები განვითარდეს. ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის კარგი ინსტრუმენტი, რათა საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ეკონომიკა ევროკავშირთან და ჩვენს შიდა ბაზართან დაახლოვდეს. ორი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ამ ქვეყნების ეკონომიკას უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის და ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირებას, რაც მოსახლეობაში უფრო მეტ სამუშაო ადგილებს წარმოშობს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.
როგორც გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ახალი დახმარება საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში ბიზნესებისთვის ხელშესახები მხარდაჭერა იქნება.
“ახალი დახმარება საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში ბიზნესებისთვის ხელშესახები მხარდაჭერა იქნება, რაც მათ პოტენციალს გზას გაუხსნის და დაეხმარება ასოცირების შეთანხმების შედეგად სარგებლის მიღწევასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში. ეს არის ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შესრულებული წვლილის კონკრეტული მაგალითი”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები