გია გეწაძე: სამწუხაროდ, ჯაბა ებანოიძე მზად არ აღმოჩნდა, რეფორმებზე პასუხისმგებლობა აეღო
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, უკრაინა ახლა საომარ რეჟიმში იმყოფება და სწრაფი რეფორმები სჭირდება. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას არაეფექტური მენეჯერი არ სჭირდება.
მისივე თქმით, უკრაინა საქართველოსგან ძალიან განსხვავდება და იქ რომ ეფექტურები იყვნენ, ქართველ ექსპერტებს გარკვეულ საკითხზე აზროვნების და მიდგომების შეცვლა უწევთ.
ამის შესახებ გეწაძემ, უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე – ჯაბა ებანოიძეზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, უკრაინის იუსტიციის სამინისტროში თანამდებობა დატოვა.
„მე, როგორც კომიტეტის რეფორმების ხელმძღვანელი, რომელიც ამ მომენტში იუსტიციის სამინისტროში აქტიურად მუშაობს, ვთვლი, რომ ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არ არის, ჩვენ ჯგუფში საჭირო არაა. სამწუხაროდ, მაგალითად, როგორც ჯაბა ებანოიძე, ყველა არ არის იმისთვის მზად, რომ რეფორმებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენ აქ მოვედით არა კარიერის მოსაწყობად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მეგობარ უკრაინელებს ქვეყნის შეცვლაში დავეხმაროთ და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა გია გეწაძემ.
მისივე თქმით, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ეს პრობლემა ყველა რეფორმატორმა თავად უნდა მოაგვაროს.
„როდესაც მე ამ პასუხისმგებლობაზე დავთანხმდი, გავაცნობიერე, რომ ძალიან დიდი ვალდებულება მქონდა და ჩემი სამუშაოს შედეგები მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას, კიდევ უფრო რთულია, ვიდრე საქართველო რევოლუციის შემდეგ იდგა. ჩვენი პასუხი კრიტიკაზე არა კრიტიკაა, არამედ კონკრეტული შედეგებია, რასაც ყველა მაქსიმალურად მოკლე დროში დაინახავს“, – განაცხადა გია გეწაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტორში ყველა რეფორმა ექსპერტებთან შეთანხმებით, აქტიურად ხორციელდება და ეს რეგისტრაციის სამსახურსაც ეხება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
როგორც მან განაცხადა, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელობაც თავიდან შესთავაზეს სრულიად გააუქმეს და მსგავსი დეპარტამენტი შექმნეს, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა.
ებანოიძის განცხადებით, მას და რეფორმატორთა გუნდს, კონკრეტული რეფორმებისა და რეორგანიზაციის საშუალება არ მიეცათ.
ებანოიძე ამის მიუხედავად, კვლავ უკრაინაში რჩება და როგორც ექსპერტი მუშაობას განაგრძობს.
წყარო: “ნიუსპრესი”