უკრაინის მთავრობაში თანამდებობა კიდევ ერთმა უცხოელმა დატოვა
უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის აივარას აბრამავიჩუსის მრჩეველი, ესტონეთის მოქალაქე იანიკა მერილო, უკრაინის მთავრობაში აღარ მუშაობს. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ესტონელმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მან თანამდებობა იდეური კონფლიქტის გამო დატოვა. მერილოს განცხადებით, მისთვის პრიორიტეტული ელექტრონული მმართველობის დაგეგმვაა, თუმცა სამინისტრო მის იდეას არ იზიარებდა.
„მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მრჩეველი უკვე აღარ ვარ. ჩემთვის ელექტრონული მმართველობაა პროირიტეტი, მათთვის – არა. ჩემთვის ამ იდეის ხელშეწყობა სამინისტროს ფარგლებს გარეთ უფრო ადვილია“, – განაცხადა მერილომ.
ის ერთ-ერთი უცხოელია, რომელიც უკრაინაში გასული წლის დეკემბერში, მაღალ თანამდებობაზე, პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბრძანებით დაინიშნა. მასთან და სხვა უცხოელებთან ერთად თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაინიშნენ, რომელთა ნაწილმა ამის გამო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
მერილომდე თანამდებობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემაც დატოვამ, რომელიც 17 მაისამდე, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ებანოიძის განცხადებით, მას რეფორმების განხორციელების საშუალება არ ეძლეოდა და თანამდებობაც სწორედ ამის გამო დატოვა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში სახალხო დეპუტატებმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა შეიტანეს.
წყარო: “ნიუსპრესი”