მამუკა არეშიძე: გიორგი ქადაგიძემ იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ მის წინააღმდეგ თავისუფლად შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა!
ექსპერტი მამუკა არეშიძე ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე გაზეთ „ასავალ-დასავალთაბ“ საუბრობს. როგორც ექსპერტი გამოცემასთან აღნიშნავს, გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის არც საქართველოს პრეზიდენტი და არც საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს.
„ლარის კურსის ვარდნაში პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გაექცევა. დასაჯელები არიან ის ადამიანები, ვინც ამ დღეში ჩააგდო ქვეყანა! პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების უფლება, არაფერს აკეთებს ამ კუთხით! პარლამენტი, რომელსაც კანონით აქვს უფლება, დაიწყოს ეროვნული ბანკის იმპიჩმენტის პროცედურა, უმოქმედოა. რა ხდება ამ ქვეყანაში? ლარის კურსის გაუფასურება არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! მიუხედავად ამისა, ლარის კურსზე იმოქმედა გლობალურმა კრიზისმა და გარე ფაქტორებმა!“ – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.
ამავე ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ქადაგიძემ იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.
„გიორგი ქადაგიძემ იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ მის წინააღმდეგ თავისუფლად შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა! არც ეს გაკეთა და – არც ბევრი სხვა რამ! ამიტომაც არის სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთები თავზე ასხედან ხალხს! ხელისუფლებას კი პირი აქვს დაღებული, ან ვიღაც-ვიღაცები შეკრულები არიან და ამაში დიდი ფულია გადახდილი, ანდა ხელისუფლებაში უუნარო ხალხია“, – ამბობს მამუკა არეშიძე.