ორი სარკინიგზო ავარია მსხვერპლით – ტრაგედიის დეტალები
ორი გარდაცვლილი სარკინიგზო მაგისტრალზე ერთ დღეში „კვირამ“ შემთხვევის ადგილზე დეტალები გაარკვია ტრაგედია გუშინ, დილის და საღამოს საათებში, ფეიქრების ქუჩაზე N14 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, დილის საათებში, 1954 წელს დაბადებული გიორგი გავაკეთაშვილი, საღამოს კი 1986 წელს დაბადებული გიორგი იოსელიანი გარდაიცვალნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბოლო 20 წლის მანძილზე ზუსტად ამ ადგილზე 10 ადამიანი დაიღუპა. რიგით მეათე კი 28 წლის გიორგი იოსელიანი აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე, ლიანდაგებს შორის ახალგაზრდა მამაკაცის ტანსაცმელი და პირადი ნივთები ახლაც გდია. ლიანდაგებს სისხლის კვალიც ემჩნევა.
გიორგი იოსელიანი სატვირთო მატარებელმა 6 მარტს, 20.15 წუთზე გაიტანა.
„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის ლიანდაგებზე თვითმკვლელობის მიზნით დაწვა. მემანქანემ ის შეამჩნია და რამდენიმე გამაფრთხილებელი სიგნალი მისცა, თუმცა სისწრაფის გამო, მან დამუხრუჭება ვერ მოასწრო. თვითმხილველები ამბობენ, რომ გიორგი იოსელიანს სატვირთო მატარებლის 20-მდე ვაგონმა გადაუარა. თავად სატვირთო მატარებელს 31 ვაგონი ჰქონდა ჩაბმული. მემანქანეს დასავლეთიდან თბილისისკენ ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.
რაც შეეხება გუშინ, დილის საათებში მომხდარ ტრაგედიას, „კვირამ“ გაარკვია, რომ 60 წლის გიორგი გავაკეთაშვილი ფეიქრების ქუჩაზე მდებარე შპს „ინტრეიდის“ დაცვის თანამშრომელი იყო. შპს „ინტრეიდის“ დირექტორის ილია შარიქაძის ინფორმაციით, გიორგი გავაკეთაშვილი ოჯახთან ერთად მეტრო „სარაჯიშვილთან“ ახლოს ცხოვრობდა. მისი თქმით, ის სამსახურში ყოველდღე მეტროდან სამსახურამდე ერთი და იგივე გზით მიდიოდა და სარკინიგზო მაგისტრალი უნდა გადაეკვეთა.
6 მარტი საბედისწერო დღე აღმოჩნდა მისთვის. გიორგი გავაკეთაშვილს სამსახურში ეჩქარებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 11.30 წუთზე გავაკეთაშვილმა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სატვირთო მატარებელს გადაასწრო, თუმცა დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრავი მატარებელი ვერ შეამჩნია. ხანდაზმულ მამაკაცს ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა სამგზავრო მატარებელმა გადაუარა.
კიდევ ერთი დეტალი. როგორც „კვირას“ შემთხვევის ადგილზე უამბეს, მემანქანე, რომელმაც საღამოს ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა, ზუსტად ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელში იმყოფებოდა და ის სამსახურში მატარებლით მივიდა. ფაქტობრივად, ის გუშინ მომხდარი ერთი ტრაგედიის თვითმხილველი, ხოლო მეორეს მონაწილე აღმოჩნდა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, გუშინ შემთხვევის შემდეგ, შოკირებულ მემანქანეს სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება.
რაც შეეხება სს „საქართველოს რკინიგზას“, ადმინისტრაცია კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა, ფაქტია, ფეიქრების ქუჩაზე, იქ სადაც ტრაგედია დატრიალდა, სარკინიგზო მაგისტრალზე ფეხით სიარული აკრძალულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორივე ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსეს.
იზა შაქარაშვილი