დავით უსუფაშვილი: ნიდერლანდების სამეფო მომხრეა იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს (ვიდეო)

ნიდერლანდების სამეფო არის მომხრე იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტთან ანკი ბროკერს – კნოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქუთაისის პარლამენტის შენობაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს სენატის (პარლამენტის) პრეზიდენტს, ანკე ბროკერს-კნოლის უმასპინძლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთა და აღნიშნული შეხვედრის და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში უცხო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია და ეს დიდი პატივია როგორც ქვეყნისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტისთვის.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ქალბატონი თავმჯდომარე არის საქართველოს დიდი მეგობარი. მე მქონდა პატივი, შევხვედროდი მას ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში და, ასევე, რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიების დროს. შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ სენატის თავმჯდომარის სახით საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი გულშემატკივარი ჰოლანდიაში და ეს გამოხატულია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. ჰოლანდიის პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი სადაც არის დასრულდება – ქვედა პალატამ უკვე მოახდინა რატიფიცირება და ახლა სენატშია გადასული ეს პროცესი. ხელშეკრულების რატიფიცირება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმის დასადასტურებლად, რომ ნიდერლანდების სამეფო არის მომხრე იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებითაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნები არ ელოდებიან ამ ინტეგრაციის პროგრესს ყველა საკითხში და ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან ნაყოფიერი მრავალი მიმართულებით – ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული და საგანმანათლებლო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული პრობლემები, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, უკრაინის ომი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული აგრესია განიხილეს. ანკე ბროკერს-კნოლიმ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში მოწვევისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში სტუმრობით და არაჩვეულებრივი ქვეყნის მონახულებით. ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად დიდი მანძილით დაშორებისა, საქართველოს და ჰოლანდია ბევრი საერთო საკითხი აკავშირებს.
„ჩვენ შედარებით პატარა ზომის ქვეყნები ვართ და ჩვენი სიძლიერე ჩვენს კონტაქტებშია. როდესაც ორი მოკავშირე ერთად თანამშრომლობს კარგი შედეგი იქმნება. ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები, სოლიდარობა, თანამშრომლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დონეზე ყველა საკითხზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ანკე ბროკერს-კნოლიმ.
ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტმა გუშინ გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრთან და პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე მათ გააცნო ჰოლანდიის დამოკიდებულება, რომელიც იწონებს საქართველოს ქმედებებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, საქართველო განაგრძობს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა, აგრეთვე, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური განვითარება. დიდი ინტერესით ველი იმ შეხვედრებს რაც დაგეგმილია ამ ორ დღეში და იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება თვალი შევავლო იმ სილამაზეს, რომელიც აქვს ამ ქვეყანას და არ წავალ ისე, რომ არ მოვინახულო ქართლის დედა და არ გავსინჯო თქვენი მშვენიერი ღვინო“, – განაცხადა დასასრულს ანკე ბროკერს-კნოლიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები