„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრება თავიდან ავიცილოთ“

 ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აუცილებლობად მიიჩნევს. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დღეს მოქმედი პარლამენტი საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ 2016 წელს დანიშნულ არჩევნებს ქაოსი მოჰყვეს და არჩევნების შემდეგ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. „ყველაზე კარგი მგონია, თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საზოგადოებაში ვითარება საკმაოდ შეცვლილია, დღევანდელი პარლამენტი ვერ ასახავს მოსახლეობის იმ განწყობას, რაც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრება თავიდან ავიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2016 წელს შესაძლოა, მძიმე ვითარება მივიღოთ. „ქართული ოცნება“ კარგავს რეიტინგს, მაგრამ ამ რეიტინგს სხვა პარტიებიც ვერ იძენენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქვემოთ თუ წავა, თორემ ზევით ვერ წავა და რეიტინგს ვერ დადებს, არც დანარჩენები ჩანან ისეთები, რომ საზოგადოებას რაიმე სიახლე შესთავაზონ, ამიტომ შესაძლოა 2016 წელს მივიღოთ ისეთი ვარიანტი, როდესაც ყველაზე მაქსიმალური მხარდაჭერა 20%-ზე მაღლა არ წავა. არ იქნება ლიდერი პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს შექმნის წინაპირობას იმისას, რომ არჩევნების შემდეგ იყოს ქაოსი. თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი არ იქნება კმაყოფილი იმ შედეგებით, რა შედეგებიც მიიღო, ის შემდეგ საკითხის გადაწყვეტას ქუჩაში შეეცდება. ეს დაახლოებით ის სცენარი იქნება, რაც 2003 წელს იყო. თუ გვინდა, რომ ამას გავექცეთ და სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ივანიშვილი ან იძულებული იქნება ჩაუდგეს სათავეში „ქართულ ოცნებას“ და თქვას, რომ ის ბოლომდე 4 წელი იქნება ხელისუფლებაში ან მართლა ჩამოშორდება და გვერდზე გადგება. მეშინია 2016 წლის არჩევნების, რომ ვინმეს ხელი არ წაუცდეს და არჩევნები არ გააყალბოს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები