თამარ ბერუჩაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თამარ ბერუჩაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, 27 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, კაბინეტის უფროსთან სუზანა მალკორასთან შეხვედრა გამართა. 28 აპრილს კი მინისტრი ასევე გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პრეზიდენტს სემ კაჰამბა კუტესას შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, მოსკოვსა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე 69-ე სესიის ფარგლებში საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში 1 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები