მანანა კობახიძე ლარის გაუფასურებას რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს
„მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ყურადღება იმ კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით ხორციელდება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნიდან დოლარის გადინებას არ ჰქონდეს ადგილი.
მანანა კობახიძე ლარის გაუფასურებას რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.
“საუბარი იყო ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებაზე. ფეროშენადნობები უკრაინაში გაგვქონდა, სადაც მეტალურგიული ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდა. ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, რომ დღეს იმ დატვირთვით ვეღარ მუშაობენ, რადგან ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში. რუსეთთან შედარებით ნორმალიზებული ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ბუნებრივია, რუბლის გაუფასურებამ და იმ სანქციებმა, რაც ქვეყანას დაედო, ამ მიმართულებით ექსპორტის შემცირება გამოიწევია, თუმცა ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქცია სწორედ ევროკავშირის ბაზარზე იყოს ორიენტირებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთანავე კობახიძემ განაცხადა, რომ “შექმნილი მდომარეობა მძიმეა ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი, ვინც პენსიაზეა დამოკიდებული და ვისაც ასეულობით ლარის წამალი სჭირდება”, მაგრამ მისივე თქმით, ამ ყველაფრის პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის გამოყენება არასწორია.