ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა. წერილში ხაზგასმულია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის, ინოვაციებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურების ეფექტურობა. პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში ელჩმა მადლობა გამოხატა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერისთვის.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ 2015 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილისთვის, რომელშიც გამოხატულია მთავრობის მკაფიო და ურყევი ნება საჯარო ადმინისტრირების სფეროში რეფორმებთან დაკავშირებით. მე მივაწოდე თქვენი წერილი ევროკავშირის ინსტიტუტებს ბრიუსელში, როგორც უტყუარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი მთავრობა ამ რეფორმებს. ამ კონტექსტში, 2015-2020 წლებისთვის თანამიმდევრული და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენ ასევე მივესალმებით დონორთა სრულფასოვანი საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნას, სამაგალითო მმართველობის სფეროს ჩათვლით. როგორც იცით, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა ერთ-ერთია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამი საკვანძო სფეროდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ცალკეულ სამსახურებსა და რამდენიმე სამინისტროსთან შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, მუშაობა შესაბამის პროგრამაზე თითქმის დასრულებულია. თქვენი ურყევი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გზამკვლევის შემუშავებასთან დაკავშირებით იძლევა ამ რეფორმების სტრატეგიული მხარდაჭერის, ასევე, ფინანსური მხარდაჭერის, როგორც დახმარების ერთ-ერთი საბაზისო სახის, გათვალისწინების შესაძლებლობას.
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და სიხარულით აღვნიშნო მთავრობის ადმინისტრაციასთან, განსაკუთრებით, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ინოვაციებისა და დონორებთან კოორდინირების სამსახურებთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ზემოთ აღნიშნული პროგრამის შემუშავების მიზნით სტრატეგიულ დიალოგს და ერთობლივ მუშაობას ტექნიკურ დეტალებზე. ამ კავშირებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებული თანამშრომლობისთვის”, – ნათქვამია ელჩის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები