მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის პროექტი დაამტკიცა

   მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარადგინა. პროექტი დიდი ლილოს ტერიტორიაზე სენდვიჩ-პანელებისგან აწყობილი ერთსართულიანი კონსტრუქციის მშენებლობას ითვალისწინებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. თავშესაფარში მოეწყობა ორი საცხოვრებელი ფლიგელი სველი წერტილებით მამაკაცებისა და ქალებისთვის, 160-180 ადამიანზე გათვლილი სასადილო, რომელიც 2 ცვლაზე იმუშავებს, ადმინისტრაციული შენობა, დაცვის და მიმღების ოთახები, კრიზისული ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. ეზოშივე განლაგდება სამედიცინო პუნქტი, რომელიც შედგება მისაღებისაგან, 12 ადამიანზე გათვლილი კარანტინისაგან, ფსიქოლოგის ოთახისა და სველი წერტილებისგან. საერთო ჯამში, პროექტის მიხედვით, თავშესაფარი 4 170 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე განთავსდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 754 424 ლარი იქნება. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები