ყირიმში მოსკოვი–სიმფეროპოლის მატარებელზე დრონის შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოსკოვი–სიმფეროპოლის სამგზავრო მატარებელზე დრონის შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი რუსეთის მიერ დანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მხარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი მატარებლის ლოკომოტივს მოხვდა, რის შედეგადაც თანაშემწე მემანქანე დაიღუპა, ხოლო მემანქანე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.
ინციდენტის შემდეგ მატარებლის მოძრაობა შეჩერდა, ხოლო მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსებით განხორციელდა.