ნატო-ს ავიაციამ ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი გაანადგურა

ლატვიამ საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გააუქმა, რომელიც მანამდე ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატის დაფიქსირების გამო იყო გამოცხადებული.

ამის შესახებ ლატვიური მედიასაშუალება LSM-ი ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს მოკავშირეების მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

სამხედროების ცნობით, რადარის მეთვალყურეობის სისტემებმა საჰაერო საზღვრის დარღვევა დააფიქსირეს, რის შემდეგაც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში გაძლიერებული განგაშის მდგომარეობა გამოცხადდა და სწრაფი რეაგირების ზომები ამოქმედდა.

საგანგებო შეტყობინებების სისტემის მეშვეობით, მაცხოვრებლებს გაეგზავნათ გაფრთხილებები, რომლითაც მათ სახლში დარჩენისკენ ურჩიეს.

საფრთხის საპასუხოდ, ბალტიის საჰაერო პოლიციის მისიაში მონაწილე ნატო-ს გამანადგურებლები აფრინდნენ. სამიზნის ვიზუალური დადასტურების შემდეგ, დრონის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-მ ლატვიის ტერიტორიაზე დრონის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

სამხედროებმა განმარტეს, რომ ოპერაცია დადგენილი უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად ჩატარდა, რომლებიც იარაღის გამოყენებამდე სამიზნის სავალდებულო იდენტიფიცირებას და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკების შეფასებას მოითხოვს.

მედიის თანახმად, საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, საჰაერო სივრცეში სიტუაცია სტაბილურად შეფასდა და განგაში მოიხსნა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფები აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერებულ მონიტორინგს განაგრძობენ და ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები