„ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად იზრდება“, – იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
„ქართული ღვინოები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, რადგან მათი ხარისხი სულ უფრო მაღალ დონეზე ადის, ხოლო სტილისტური მრავალფეროვნება მუდმივად ფართოვდება. ძალიან სასიამოვნოა მეღვინეების მოსაზრებების მოსმენა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელიც კია ჩემთვის, იმ უდიდესი ძალისხმევის გასაცნობად, რომელსაც ქართული ღვინის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის ეწევით“, – აღნიშნა იაპონელმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ თბილისში გამართული დეგუსტაციის შემდეგ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.
სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაზე კინიჩი ოჰაში 10-მდე ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოებს გაეცნო. ღონისძიების ფარგლებში, ღვინის მაგისტრმა შეხვედრები გამართა ღვინის კომპანიებთან და სომელიებთან, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის სექტორისთვის მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, დარგში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციონირების საკითხები.
ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „Red Bridge” 2017 წლიდან თანამშრომლობს. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიაში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.